ყველაზე მარტივი ვაშლის ნამცხვარი

ამ ნამცხვარს ვაკეთებ ძალიან ბევრი წელია, ყოველთვის იდეალურია და საოცარი ტექსტურა აქვს. 

 

დაგჭირდებათ:

3 კვერცხი

150 გ შაქარი

125 გ ფქვილი

1 ს.კ საცხობი პუდრი (გამაფხვიერებელი)

75 გ რძე

60 გ ზეთი

1 ჩ.კ შავი რომი (სურვილისამებრ)

4 ვაშლი (ანტონოვკა იდეალურია)

1/2 ლიმონის წვენი

1/2 ლიმონის ცედრა

 

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. 

ხელით მსუბუქად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, მიქსერს ნუ გამოიყენებთ, როდესაც მიქსერით ვაკეთებ არასდროს გამოდის ისეთი ფუმფულა, როგორც ხელით თქვეფისას.

შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და ცედრა, გადათქვიფეთ ფქვილის გახსნამდე.

დაუმატეთ რძე და ზეთი. მოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ რომი. უნდა მიიღოთ თხელი ცომი.

 

კერამიკულ ან შუშის ფორმას (24-26სმ) წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. გადმობერტყეთ ზედმეტი ფქვილი. ჩაასხით ცომი.

 

გათალეთ ვაშლი, დაჭერით თხელ ნაჭრებად, მოასხით ლიმონის წვენი და დაალაგეთ ცომზე. ამჯერად, ცომზე დალაგებულ ვაშლს მოვაყარე 2 ს.კ დაფქული ნიგოზი და 1 ს.კ ყავისფერი შაქარი, რომ გამოცხვა კნატუნა ზედაპირი ჰქონდა. 

ხშირად პირდაპირ ვყრი ვაშლს და ვურევ, ზედმეტი ფოფინის გარეშე.

ვაცხობთ 40-50 წუთი.

 

აუცილებლად გასინჯეთ თბილი, მე, როგორც წესი, ვერ ვითმენ და ცხელსავე ვჭამ. 

ან გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრი სურვილისამებრ.

ვაშლის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ მსხალი, ალუბალი, ატამი, გარგარი, ქლიავი, რაც გაგიხარდებათ.

გემრიელად მიირთვით.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ყველაზე მარტივი ვაშლის ნამცხვარი”

Your email address will not be published. Required fields are marked *