10455694_873508199333879_5385972901530467995_n

პანა კოტა

დიდი ხნის ძებნის შემდეგ მივაგენი იდეალური პანა კოტას რეცეპტს. მსუბუქი, გამაგრილებელი პანა კოტა ჩემი ფავორიტი დესერტების სიაში უპირობო ლიდერია. ნამდვილი საზაფხულო დესერტია, მოსამზადებლადაც მარტივია, ინგრედიენტები – ყველასთვის ხელმისაწვდომი, მოკლედ ისღა დაგვრჩენია გადავიდეთ უახლოეს სუპერმარკეტში და მოვიმარაგოთ:
800 მლ ნაღები 20-23%
200 მლ რძე
190 გრ შაქარი
ვანილი (იდეალურია ვანილის ესენცია, 1 ჩ.კოვზი ან უკიდეურეს შემთხვევაში ვანილიანი შაქარი)
12 გრ ჟელატინის ფირფიტები

ბროწეულის ჟელესთვის:
3 ფირფიტა ჟელატინი
2 ს.კ შაქარი
3 ბროწეულის წვენი (ან ნებისმიერი ცოცხალი ხილის წვენი)

მომზადება: ჯამში ჩაასხით ცივი წყალი და დაალბეთ ჟელატინის ფირფიტები 5 წუთით.
ქვაბში ჩაასხით რძე, ნაღები, შაქარი, ვანილი და მიიყვანეთ ადუღებამდე (არ აადუღოთ!), შეუჩერებლად ურიეთ ხელის სათქვეფით. ამოიღეთ ჟელატინი, ხელით გაწურეთ და ჩააგდეთ ცხელ ნაღებში, კარგად მოურიეთ და გაატარეთ საწურში, რათა დარწმუნდეთ რომ ჟელატინი ბოლომდე გაიხსნა. მოამზადეთ ჯამები ან ჭიქები 5-7 ცალი, ზომას გააჩნია, ჩაასხით ცხელი ნაღები, შეაგრილეთ და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 4 საათით.


დაალბეთ ჟელატინის ფირფიტები ცივ წყალში 5 წუთით. ამასობაში აიღეთ პატარა ქვაბი, ჩაასხით 1/3 ჭიქა წყალი და 2 ს.კ შაქარი, დადგით ცეცხლზე და შეათბეთ, ურიეთ რომ შაქარი გაიხსნას. როდესაც გაცხელდება, ჩადეთ გაწურული ჟელატინი, ურიეთ, ჟელატინი მალევე გაიხსნება წყალში, გადმოდგით, არ აადუღოთ. ჟელატინიანი წყალი ჩაასხით წინასწარ გაწურულ ბროწეულის წვენში და მოასხით გაცივებულ და შემაგრებულ პანა კოტას. შეაბრუნეთ მაცივარში, მინიმუმ 3 საათით.
ჯამიდან ასე უნდა ამოიღოთ: მდუღარე წყალში რამდენიმე წამით ჩადებთ ჯამს, ამოატრიალებთ თეფშზე და პანა კოტა კოხტად გადმოსკუპდება. ჭიქების შემთხვევაში ამოღება საჭირო აღარ არის. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *